English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი
ანტიგლობალიზმი თუ ალტერგლობალიზმი?

გლობალიზაცია რთული და მრავალწახნაგიანი ფენომენია, რომელიც კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივი ისტორიული პროცესის კანონზომიერ შედეგს წარმოადგენს.

ეკონომიკური გლობალიზაცია სისტემური გლობალიზაციის საფუძველია. თანამედროვე პირობებში ის უპირატესად ფინანსურ სფეროში მიმდინარეობს და ფინანსურ გლობალიზაციის სახით ვლინდება. ეკონომიკურ გლობალიზაციას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები, რის გამოც ის მწვავე დისკუსიის საგანია მკვლევარებს შორის. სტატიაში დეტალურადაა განხილული ეკონომიკის გლობალიზაციასთან დაკავშირებული ურთიერთდაპირისპირებული მოსაზრებები და გაკეთებულია დასკვნა, რომ გლობალიზაციის თანამედროვე ნეოლიბერალურმა მოდელმა საკუთარი პოზიტიური პოტენციალი ამოწურა, რაც თვალნათლივ დაადასტურა გლობალურმა ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა (2007-2009წწ.) და COVID19 პანდემიით განპირობებულმა კორონომიკურმა კრიზისმა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ეკონომიკის გლობალიზაციის ახალი მოდელის - ალტერგლობალიზმის თეორიული მოდელის  შექმნის აუცილებლობა. ავტორის აზრით, ჩამოყალიბებულია ამ მოდელის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშნები :

  • ფიქტიური სიმდიდრის შექმნის ჩანაცვლება რეალური სიმდიდრის წარმოებით; მსოფლიო ეკონომიკის დეფინანსებიზაცია და მეწარმეობრივი კაპიტალიზმის პრიორიტეტი ფინანსურ კაპიტალიზმზე;
  • გლობალური ეკონომიკური განვითარების ჰუმანიზაცია და სოციალიზაცია;
  • გლობალური ეკონომიკის რეგულირების გაძლიერება შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურების საქმიანობის სრულყოფისა და მექანიზმების დახვეწის გზით.

 

  საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის გლობალიზაცია, ფინანსური გლობალიზაცია, ანტიგლობალიზმი, ალტერგლობალიზმი, მეწარმეობრივი კაპიტალიზმი, ფინანსური კაპიტალიზმი.

შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

გლობალიზაციის დაწყების პერიოდად მკვლევარები XIX საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნას ასახელებენ, თუმცა, ამ პროცესის დაწყება მომზადებული იყო მსოფლიო ცივილიზაციის ხანგრძლივი ისტორიით. სახელდება თანამედროვე გლობალიზებული სამყაროს ისეთი არქეტიპები, როგორიც იყო დარიოსისა და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიები, ანტიკური ხანის რომის იმპერია, უფრო მოგვიანებით - X საუკუნეში ჩინეთის იმპერია სენის დინასტიის მმართველობის პირობებში და განსაკუთრებით, მონღოლთა „ოქროს ურდო“ XIII საუკუნეში, რომელიც მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიას აღმოსავლეთ ევროპის საზღვრიდან იაპონიასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებამდე, სადაც თავმოყრილი იყო იმჟამინდელი მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 40% (Modelski, Thomson, 1995, Модельски, 2005). “ოქროს ურდოს“ იმპერიის დანგრევით, ფაქტობრივად, დამთავრდა „შიდა კონტინენტური გლობალიზაცია“ და დაიწყო ტრანსოკეანური „გლობალიზაციის“ პროცესი, რომელსაც საფუძვლად დაედო ნაოსნობის დარგში განხორციელებული ინოვაციები-შორეული ნაოსნობის ფრეგატების მასობრივი მშენებლობა და კომპასის გამოგონება.

გლობალიზაციის უშუალო წანამძღვრად  შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე გახდა განსაკუთრებით ინტენსიური. მისი საფუძველი იყო წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაცია-ცენტრალიზაცია და როგორც შედეგი, ძირითადად აშშ-ში შექმნილი მსხვილი საწარმოების ტრანსნაციონალურ კომპანიებად გადაქცევა.

ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაციის ობიექტური საფუძვლების მომზადება არ იყო უწყვეტი პროცესი. გარკვეული გარემოებების გამო (პირველი და მეორე მსოფლიო ომები, 1929-1932 წლების „დიდი დეპრესია“ და სხვ). ის განიცდიდა შეფერხებებს, თუმცა არასდროს შეჩერებულა და არ მიუღია შექცევადი ხასიათი. გლობალიზაციის დაჩქარებაში არსებითი როლი ითამაშა სსრ კავშირისა და საბჭოთა ბლოკის დაშლამ, პოსტკომუნისტური ქვეყნების გადასვლამ საბაზრო ეკონომიკაზე. გლობალიზაციის პროცესი თანამედროვე პერიოდშიც შეფერხდა კოვიდ 19-ის გავლენით, რომლის დაძლევასაც, განსაკუთრებით პანდემიის საწყის ეტაპზე, ქვეყნები ცდილობდნენ საკუთარი ძალებითა და რესურსებით.

ზოგადად, გლობალიზაცია და მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი - ეკონომიკის გლობალიზაცია - რთული, მრავალწახნაგიანი და წინააღმდეგობრივი პროცესია, რომელსაც დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი მხარეც ახასიათებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მის გარშემო მწვავე დისკუსია მიმდინარეობს გლობალიზაციის დამცველებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

წინამდებარე ნაშრომი ამ დაპირისპირებული მოსაზრებების კრიტიკულ ანალიზს ეძღვნება. ამასთანავე, ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია საკუთარი პოზიცია გლობალიზაციის ისტორიულ პერსპექტივასთან მიმართებით.

 

ანტიგლობალიზმის წარმოშობის მიზეზები და შედეგები

 

გლობალიზაციის საწყის ეტაპზე ამ პროცესის შეფასებისას, როგორც წესი, პოზიტიური მოლოდინები სჭარბობდა. კერძოდ, მკვლევარების აზრით:

 ა) გლობალური ბაზრები გადაიქცეოდნენ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მძლავრ ლოკომოტივად, რაც წარმატებით ჩაანაცვლებდა სახელმწიფოს ეკონომიკურ აქტიურობას, უზრუნველყოფდა როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს;

ბ) გლობალიზაცია კაპიტალისტური ტიპის ეკონომიკის ციკლური განვითარების შერბილების ეფექტიან მექანიზმად გადაიქცეოდა;

გ) გლობალიზაცია „მსოფლიო ეკონომიკის ლანდშაფტის“ მოსწრებას, ანუ ქვეყნებს  შორის ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეებში არსებული მკვეთრი განსხვავების შემცირებას შეუწყობდა ხელს.

გლობალიზაციის დაწყებიდან განვლილი სამ ათეულზე მეტი წელი საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ ყველა ზემოაღნიშნული მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

გლობალიზაცია და ეკონომიკური ზრდა. 1960-იან წლებში მსოფლიო მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) (პაპავა, სილაგაძე, 2019, 180) საშუალოწლიური ზრდის ტემპი იყო 5,4%; 1970-იან წლებში ის შემცირდა 4,1%-მდე, 1980-იანში - 3,0%-მდე, 1990-იან წლებში - 2.3%-მდე; 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან 2007-2009 წლების გლობალურ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისამდე მსოფლიო რეალური მსპ ყოველწლიურად დაახლოებით 2,6%-ით იზრდებოდა (Васильев, 2011).

ამგვარად, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე  რეალური სამამულო პროდუქტის ზრდის ტემპი შემცირდა ორჯერ და უფრო მეტად. 1950-იანი წლების ბოლოდან 1960-იან წლების ბოლომდე პერიოდი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით (რასაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი სოციალური შედეგებიც ახლდა თან) საუკეთესო იყო თანამედროვე კაპიტალიზმის ისტორიაში და შემთხვევით არ უწოდებენ დროის ამ მონაკვეთს „კაპიტალიზმის ოქროს ხანას“. მსპ-ის ზრდის ტემპების შედარება სხვადასხვა პერიოდში საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ „გლობალური ეკონომიკის“ ზრდის ტემპი საგრძნობლად ჩამორჩებოდა „მსოფლიო ეკონომიკის“ ზრდის ტემპს. უფრო მეტიც, გლობალიზაციის ეპოქაში „მსოფლიოს ყველზე განვითარებული ქვეყნები სტაგნაციამ მოიცვა... რომლის უკან იმალება 1970-იანი წლებიდან დაწყებული შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტემპების საგრძნობი შენელება“ (Smart, 2017).

გლობალიზაციისთვის თანმდევი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებამ განაპირობა ცხოვრების დონის დაცემა არა მხოლოდ განუვითარებელ, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც. პროფ. ჯ. სტიგლიცის გაანგარიშებით, აშშ-ში სრულ დასაქმებაზე მყოფი მამაკაცის რეალური შემოსავალი (ანუ, ინფლაციის ტემპის გათვალისწინებით) XXI საუკუნეში ნაკლები იყო 42 წლის წინანდელთან შედარებით. სტიგლიცი ასევე მიუთითებს აშშ-ში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირებაზე, რაც ცხოვრების დონის ერთ-ერთი კრებსითი მაჩვენებელია (Стиглиц, 2015).

გლობალიზაცია და  თანასწორობა. გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კ. ანანის მოხსენებაში მსოფლიოში არსებული ღრმა უთანასწორობის მრავალი ფაქტი და სტატისტიკური მასალაა მოყვანილი. კერძოდ: მსოფლიო მოსახლეობის 15% ცხოვრობს მდიდარ, 78% ღარიბ და 7% ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში. მოსახლეობის 20%-ის ხელშია თავმოყრილი მსოფლიო სიმდიდრის 86%, ხოლო მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში იღებს 2 აშშ დოლარის ეკვივალენტ შემოსავალს, 500 მლნ ადამიანი სამხრეთ აზიაში და 300 მლნ აფრიკაში დღიურად იღებს 1 აშშ დოლარზე ნაკლებს. ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა განვითარებულ ქვეყნებში 78 წელია, განუვითარებელში - 64 წელი, ყველაზე ჩამორჩენილ და ღარიბ ქვეყნებში - კი 52 წელი. მსოფლიოში 750 მლნ ადამიანს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბი ქვეყნებიდანაა, ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვის მომსახურებაზე. დედამიწის მოსახლეობის 22% წერა-კითხვის უცოდინარია და ეს განსაკუთრებით ქალებს ეხება. მსოფლიო მოსახლეობის 20% განიცდის სუფთა წყლის დეფიციტს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვაზე მსოფლიოში ყოველწლიურად 65 მლრდ აშშ დოლარი გამოიყოფა, ამ თანხების მხოლოდ 10%-მდე ხმარდება ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას. ყოველივე აღნიშნულის შედეგი მართლაც კატასტროფულია: მსოფლიოში მხოლოდ მალარიით ყოველ წუთში კვდება ორი ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ხუთ წლამდე ბავშვი და ორსული ქალებია, 14 წლის და უფრო მცირე ასაკის დაახლოებით         250 მლნ ბავშვი იძულებულია იმუშაოს, ხშირ შემთხვევაში, ძალიან საშიშ და არაჯანსაღ პირობებში.

თანამედროვე მსოფლიოში არსებულ შემზარავ უთანასწორობაზე მიუთითებს პროფ. ჯ. სტიგლიცი და აღნიშნავს, რომ გლობალიზაციის შედეგად აშკარად მოიგო დედამიწის მოსახლეობის 1%-მა პლუტოკრატიის სახით, დანარჩენის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ზოგიერთ შემთხვევაში კი - გაუარესდა (Stiglitz, 2012). მისივე აზრით, „უთანასწორობამ იმ სტადიას მიაღწია, როცა იგი არა მარტო არაეფექტიანია, არამედ ეკონომიკური განვითარების მთავარ დაბრკოლებად გადაიქცა“ (იგივე წყარო).

ქვეყნებს შორის და ქვეყნების შიგნით უთანასწორობის გაღრმავების რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთაგან ორზე შევჩერდებით. პირველია თანამედროვე გლობალიზებულ ეკონომიკაში ე.წ. „ტექნოლოგიური პირამიდის“ ჩამოყალიბება. პირამიდის მწვერვალი უპყრია აშშ-ს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების შემუშავებისა და გავრცელების მთავარ წყაროს. აშშ ყიდის ახალი ტექნოლოგიების დამუშავების იდეებს, პრინციპებს, „ნოუ-ჰაუ-ს“ და იღებს კოლოსალურ შემოსავლებს. აშშ-მა მასობრივად განახორციელა ტრადიციული ინდუსტრიული დარგების, მათ შორის ამერიკის ისტორიული სიამაყის - საავტომობილო მშენებლობის გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რის შედეგადაც ორმაგი სარგებელი მიიღო: შეამცირა წარმოების დანახარჯები (განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში იაფი ბუნებრივი რესურსის და სამუშაო ძალის გამოყენების ხარჯზე), რითაც გაზარდა საკუთარი პროდუქტის კონკურენტუნარიანობა და მოახდინა ქვეყნის ეკონომიკის ღრმა სტრუქტურული გარდაქმნა - რესურსები პრიორიტეტულად წარმართა ყველაზე მაღალი ეფექტიანობის მქონე ისეთ საქმიანობაში, როგორიცაა - ახალი ტექნოლოგიური პრინციპების გენერირება.

გლობალურ ბაზარზე მოქმედებს ე.წ. „ფასების მაკრატლის“ პრინციპი: 1 კგ ნედლი ნავთობის გაყიდვა იძლევა 2-2,5 ცენტის მოგებას, 1 კგ საყოფაცხოვრებო ტექნიკის - 50 აშშ დოლარს, საავიაციო ტექნიკის - 1000 დოლარს, ხოლო ინფორმაციული ტექნიკისა - 5000 დოლარამდე. კიდევ უფრო მაღალ მოგებას იძლევა ახალი ტექნოლოგიური იდებისა და პრინციპების, ანუ ინფორმაციების გაყიდვა. გლობალური ბაზარი დღეს მკაცრადაა სტრუქტურიზებული: მაღალი დამატებული ღირებულების შემცველ პროდუქციას ყიდიან განვითარებული და მდიდარი ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა - აშშ, რაც შეეხება განუვითარებულ ქვეყნებს, ისინი ძირითადად დაკავებულნი არიან დაბალი დამატებული ღირებულების შემცველი პროდუქციის-ნედლეულის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებითა და რეალიზებით (მექვაბიშვილი, 2009).

განვითარებული ქვეყნების შიგნითაც,შეინიშნება სოციალური უთანასწორობის გაღრმავება, რომელსაც თავისი  ობიექტური საფუძველი აქვს.

განვითარებულ, მდიდარ ქვეყნებში წარმოიშვა უთანასწორობის ახალი ფორმა, რომელიც პირველ რიგში სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგია. ცოდნატევადი და მეცნიერებატევადი წარმოების ექსპანსიის პირობებში მუშაკთა უნიკალური უნარ-ჩვევები და თვისებები ყველაზე მთავარ და ამასთანავე იშვიათ რესურსად გადაიქცა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე ადეკვატური ანაზღაურებით. შემოსავალი, პირველ რიგში, მათ ეზრდება, ვისაც დამოუკიდებლად შეუძლია ახალი ინფორმაციისა და ცოდნის შექმნა. პირიქით ხდება მასობრივი პროდუქტების წარმოების სფეროში, რომელიც არ მოითხოვს ახალ ცოდნას და მაღალ ტექნოლოგიებს. აქ იზრდება დასაქმებულ მუშაკთა შორის კონკურენცია, რაც განაპირობებს მათი შრომის ანაზღაურების შემცირებას. ასე მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე აშშ-ს გადამამუშავებელ მრეწველობაში შრომის მრეწველობა 35%-ით გაიზარდა, ხელფასები კი უცვლელი დარჩა. გერმანიაშიც ხელფასების ინდექსი არ გაზრდილა, თუმცა, კომპანიების მოგება იმავე პერიოდში გაორმაგდა (Druker, 2002).

საინფორმაციო და ცოდნის ეკონომიკაში განათლების დონის ფაქტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს: მაღალი განათლების ადამიანი ითვლება მდიდრად და პირიქით. ამჟამად მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში ჩასართველად ახალგაზრდას სჭირდება ისეთი განათლების მიღება, რომელიც არანაკლებ 100 ათასი აშშ დოლარი ღირს. ამასთანავე, ეს არის ყველაზე პერსპექტიული ინვესტიცია, რომელსაც პიროვნებისთვის მაღალი შემოსავალი მოაქვს. კერძოდ: კოლეჯის დამთავრებულს აქვს თავისი კარიერის მანძილზე დაახლოებით 600 ათასი აშშ დოლარის გამომუშავების შანსი, ხოლო დოქტორის ხარისხის მქონეს, 1,6 მლნ აშშ დოლარი შეუძლია გამოიმუშაოს (Tourain A., 1998). უკვე 1990-იანი წლების დასაწყისში (საყურადღებოა, რომ ეს პერიოდი სწორედ გლობალიზაციის დაწყებას ემთხვევა) აშშ-ში და რიგ სხვა განვითარებულ ქვეყანაში საზოგადოების შიგნით უთანასწორობის მთავარი მიზეზი გახდა განათლების მიღების არათანაბარი ხელმისაწვდომობა და მისგან გამომდინარე - დიდი განსხვავება მუშაკთა ორ კატეგორიას - ე.წ. „consumption-workers” (გელბრეიტი) და “knowledge workers“-ს (დრუკერი, 2002) შორის ანაზღაურების დონეში.

 

გლობალიზაცია და ეკონომიკის ციკლური განვითარება.

 

გლობალიზაციის ეპოქის დაწყება რეგიონული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისების სიმრავლით აღინიშნა: ლათინური ამერიკის ქვეყნების-მექსიკის 1994-1995 წლების, არგენტინის 1995 წლისა და 2001-2002 წლების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 1997 წლის ფინანსური კრიზისები. ამ უკანასკნელმა, როგორც ცნობილია, საქართველოს საფინანსო სფეროზეც იქონია გავლენა და 1998 წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეებში ეროვნული ვალუტის - ლარის ნახტომისებრი და სწრაფი გაუფასურება გამოიწვია. განსაკუთრებით მწვავე და დამანგრეველი აღმოჩნდა როგორც ცალკეული ქვეყნებისთვის, ისე მსოფლიო ეკონომიკისთვის 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი, ე.წ. „დიდი რეცესია“, რომელსაც მკვლევარები 1929-1933 წლების „დიდ დეპრესიას“ ადარებენ.

უდიდესია გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური მორალური და სხვა სახის დანაკარგები, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობამ გამიცადა ამ კრიზისის შედეგად. ასე, მაგალითად, აქტივების, უძრავი ქონების, საფონდო ბირჟის კაპიტალის დანაკარგებმა აზიის განვითარების ბანკის შეფასებით 50 ტრლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომლისგანაც 29 ტრლნ დოლარი საფონდო ბაზრის კაპიტალიზაციის შემცირებაზე მოდის. აშშ-ს შინა მეურნეობების კეთილდღეობა 2009 წელს 2007 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 205%-ით შემცირდა და ჯამურმა დანაკარგებმა 13 ტრლნ დოლარი, ანუ იმ დროისთვის ამ ქვეყნის მსპ-ს ექვივალენტი შეადგინა (მექვაბიშვილი, 2008).  ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტებიდან გამოიყო დაახლოებით 8 ტრლნ აშშ დოლარი, რაც, ფაქტობრივად, გადახდის გადამხდელთა ჯიბეებიდან ამოღებული ფული იყო. 2009 წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული პოზიტიური ძვრების მიუხედავად განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კაპიტალის შედინება არ გაზრდილა და 2-ჯერ ჩამორჩებოდა კრიზისის წინა პერიოდის მაჩვენებელს, რაც გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ლიკვიდურობის მწვავე კრიზისის პირდაპირი შედეგი იყო.

გლობალური ფინანსური კრიზისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზად მკვლევარები იმას ასახელებენ, რომ 1970-1980-იანი წლების მიჯნაზე მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში (აშშ, დიდი ბრიტანეთი...) განხორციელებული საყოველთაო დერეგულაციის სრულფასოვანი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა ზესახელმწიფო (გლობალურ) დონეზე ეფექტიანი რეგულირების მექანიზმით. საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურმა სტრუქტურებმა ვერ შეძლეს მათ წინაშე წამოჭრილი რთული პრობლემების გადაწყვეტა და იმის ნაცვლად, რომ გლობალურ ფინანსურ კრიზისთან მიმართებით „პოლიციელის“ ფუნქცია შეესრულებინათ, ისინი „მეხანძრის“ როლით დაკმაყოფილდნენ.

 

კორონომიკური კრიზისი და გლობალიზაცია.

 

2019 წლის ნოემბერში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში პირველად დაფიქსირდა ვირუსული ინფექცია კორონას სახელწოდებით, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 2020 წლის 11 მარტს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გამოაცხადა პანდემიად.

გლობალიზაცია, რა თქმა უნდა,  არ შეიძლება ჩაითვალოს კოვიდ 19-ის უშუალო შედეგად. ისტორიიდან ცნობილია ბევრი პანდემია, რომელიც გლობალიზაციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მათ შორის აღსანიშნავია ე.წ. „ესპანური გრიპი“, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა ისიც აშკარაა, რომ გლობალიზაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პანდემიის სწრაფ და ფართო გავრცელებას. იმის მიუხედავად, რომ კოვიდ 19-ის პანდემია გლობალური ფენომენი იყო და მისი დაძლევა მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებულ ძალისხმევას მოითხოვდა, პირიქით მოხდა. ქვეყნებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეზღუდვების გატარება, რომელიც შეეხო როგორც საერთაშორისო ურთიერთობებს, ისე საშინაო ეკონომიკური აქტიურობის თითქმის ყველა სფეროს. აღნიშნულის შედეგად მასობრივად დაირღვა ღირებულების შექმნის გლობალური ჯაჭვები, რამაც მიწოდების დეფიციტით განპირობებული ინფლაცია განაპირობა. მეორე მხრივ, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა და მაშასადამე, ერთობლივმა მოთხოვნამაც იკლო. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც მიწოდების მხარეზე აღმოჩნდა. განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ისეთი სფეროები, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა, ტურიზმი, საერთაშორისო სამგზავრო საავიაციო გადაყვანები. ყოველივე აღნიშნული ახალი მასშტაბური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაწყების მიზეზი გახდა, რომელმაც ეკონომიკურ ლიტერატურაში კორონომიკური კრიზისის სახელწოდება მიიღო (პაპავა, 2020).

კორონომიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე, მსოფლიო ეკონომიკას. ასე, მაგალითად, აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 5,8-8,8 ტრლნ აშშ დოლარია. აშშ-ს ეკონომიკის დანაკარგებს 4 ტრლნ დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ. ევროსტატის მონაცემებით, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ეკონომიკური დაცემის ყველაზე მაღალი დონე აღინიშნა შემდეგ ხუთ ქვეყანაში: ესპანეთში 11%, იტალიაში 9%, ხორვატიაში 8,4%, საბერძნეთში 8,2%. პანდემიის პერიოდში ევროპის მხოლოდ ორ ქვეყანაში იყო ეკონომიკური ზრდა - ირლანდიაში 3,4% და თურქეთში 1,8% (კაკულია, კაპანაძე, 2021).

მაშასადამე, გლობალიზაციასა და კორონავირუსის პანდემიას შორის შემდეგი ურთიერთდამოკიდებულება ჩამოყალიბდა: გლობალიზაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პანდემიის გავრცელებას, ამ უკანასკნელმა კი გლობალიზაციის პროცესი შეაფერხა. სწორედ პანდემიის პირობებში გაძლიერდა წარმოების ლოკალიზაციის ტენდენცია, რომელიც გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ჩამოყალიბდა და სამუშაო ადგილების შექმნაში  სახელმწიფოს ეროვნული ეკონომიკისთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატა. ამასთანავე აშკარაა, რომ მოსაზრებები გლობალიზაციის პროცესის შეწყვეტის და მით უფრო მისი შექცევადობის შესახებ მცდარია და არ შეესაბამება რეალობას (მექვაბიშვილი, პაპავა, აბესაძე, 2020).

გლობალიზაცია ცივილიზაციის განვითარების კანონზომიერი მოვლენაა, რომელიც განპირობებულია საწარმოო ძალთა განვითარების მიღწეული დონით, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუციით და ზოგადად, სოციუმში მომხდარი თვისებრივი ცვლილებებით.

ზემოაღნიშნულიდან აშკარაა ისიც, რომ გლობალიზაციამ ვერ შეძლო კაცობრიობის წინაშე არსებული ვერცერთი მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემის გადაჭრა, პირიქით, ბევრი მათგანი კიდევ უფრო გამწვავდა და რიგ შემთხვევაში, ძველ პრობლემებს ახალი დაემატა.

ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რომ ყველაზე განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის   სხვადასხვა ფენაში, ხოლო ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყნების მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში გაჩნდა პროტესტი გლობალიზაციის მიმართ, რომლის გამოხატულების მთავარი ფორმა ანტიგლობალიზმია.

 

ანტიგლობალიზმის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები

 

ანტიგლობალისტური მოძრაობის ფორმირება 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ გლობალიზაციის პროცესის ჩასახვიდანვე იღებს სათავეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ - „მოქალაქეთა გაერთიანებამ ტობინის გადასახადისთვის“ (ATTAC) . მისი სახელწოდება უკავშირდება ცნობილ ამერიკელ ეკონომისტს, ნობელის პრემიის ლაურეატს ჯეიმს ტობინს, რომელმაც ჯერ კიდევ 1972 წელს ჩამოაყალიბა იდეა მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე განხორციელებული სპეკულაციური ოპერაციების 1%-ით დაბეგვრის შესახებ. ტობინი ვარაუდობდა, რომ ამ გზით ყოველწლიურად მიღებული იქნებოდა დაახლოებით 166 მლრდ აშშ დოლარი, რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე ღარიბი და გაჭირვებული ქვეყნების დასახმარებლად.

თანამედროვე ანტიგლობალისტური მოძრაობა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იგი აერთიანებს: მეცნიერების, ხელოვნების და კულტურის სფეროს გარკვეულ ნაწილს- მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანებს; ბუნებადამცველ ორგანიზაციებს, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია „გრინფისი“, თავისი ექსტრავაგანტური აქციებით; სტუდენტური მოძრაობის ნაწილს; სხვადასხვა ისლამისტურ დაჯგუფებას, ანარქისტებს, ტროცკისტებს და სხვ.

ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, შესაძლებელია ანტიგლობალისტური მოძრაობის დაყოფა პირობითად ორ ჯგუფად- ე.წ. „ზომიერ ანტიგლობალისტებად“ და გლობალისტების უკიდურესად რადიკალურ ფრთად, ანუ „გლობალოფობებად“. გამოიკვეთა პრობლემების ორი ჯგუფი, რომელზედაც ფოკუსირებულია ანტიგლობალისტური მოძრაობა: ეკოლოგიური  და სოციალური უთანასწორობა. როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ქვეყნების შიგნით- „ინფორმაციულ კლასსა“ და „ინდუსტრიულ კლასს“  შორის, „ახალ მდიდრებსა“ და საზოგადოების დიდ ნაწილს შორის. როგორც კ. ანანი მიუთითებს: „გლობალიზაციის წინააღმდეგ პროტესტი გამოწვეულია მისით განპირობებული უთანასწორობით... სარგებელი და შედეგები, რომლებიც გლობალიზაციიდან მომდინარეობს ქვეყნების მცირე რაოდენობაში იყრის თავს და იქაც არათანაბრადაა გადანაწილებული. მეორე მხრივ, იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს კულტურათა თვითმყოფადობა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტი“ (Делягин, 2007). ბოლო წლებში ანტიგლობალისტური განწყობები დასავლეთის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკის ფოკუსში მოექცა.მისი მაგალითებია საყოველთაო სახალხო რეფერენდუმით დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან (ე.წ. „ბრეკსიტი“), აშშ-ს 45-ე პრეზიდენტად დ. ტრამპის არჩევა, რომელიც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჯ. სტიგლიცის სიტყვებით, აშშ-ს აიძულებდა პროტექციონიზმის გზით სიარულს და საფრთხეს უქმნიდა მსოფლიოს ეკონომიკას (Stiglitz, 2017). ასევე აღსანიშნავია საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლო ორი არჩევნების შედეგები. პირველ არჩევნებზე უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკოსს მ. ლეპენს, რომელიც ცნობილია თავისი ანტიგლობალისტური განწყობით, ამომრჩეველთა 40%-მა, ხოლო მეორეზე 42%-მა მისცა ხმა. დ. ტრამპი, რომლის მთავარი საარჩევნო ლოზუნგი იყო „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, მუდმივად აპელირებდა გლობალიზაციის შედეგად აშშ-ის ეკონომიკაში წარმოქმნილ რთულ პრობლემებზე. იგი მიუთითებდა, რომ ამერიკიდან კაპიტალის მასობრივმა გადინებამ,, რომელიც „გაქცეული ქარხნების“ (runway factors) სახელწოდებითაა ცნობილი, დააკნინა ამ ქვეყნის შიდა რეგიონები და ე.წ. „დაჟანგული სარტყელი“ წარმოშვა. ქალაქი დეტროიტი და მისი შემოგარენი, რომელიც ერთ დროს ამერიკის ეკონომიკის აყვავების სიმბოლოდ მიიჩნეოდა, უმუშევრებისა და ნარკომანების თავშეყრის ადგილად გადაიქცა (მექვაბიშვილი, 2018). ტრამპმა მიზნად დაისახა გატანილი კაპიტალის დიდი ნაწილის აშშ-ში უკან დაბრუნება და ნაწილობრივ შეძლო მისი შესრულება. ამერიკის შიდა ბაზრის დაცვის მიზნით მან გაზარდა საბაჟო გადასახადი ჩინურ პროდუქციაზე, დაიწყო მექსიკასთან უზარმაზარი კედლის მშენებლობა, რათა შეეჩერებინა არალეგალთა  მასობრივი შეღწევა აშშ-ში და ა.შ. ფაქტობრივად, ტრამპი აშკარად დაუპირისპირდა გლობალისტურ ძალებს და იმის მიუხედავად, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში აშშ-ის ეკონომიკამ თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია, იგი მაინც დამარცხდა გლობალისტებთან ბრძოლაში. მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე გავლენიანი პირის ეს დამარცხება არ იყო შემთხვევითი ფაქტი, არამედ გლობალიზაციაში აშშ-ს განსაკუთრებული როლით გამოწვეულ კანონზომიერ მოვლენას წარმოადგენდა. ბ. კლინტონის ხატოვანი გამოთქმა - „გლობალიზაცია-ეს ამერიკაა“ - იმას ნიშნავს, რომ დღეს აშშ აღარ წარმოადგენს ტრადიციულ ნაციონალურ სახელმწიფოს. იგი პრინციპულად ახალი სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური წარმონაქმნია, რომლისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა საკუთარ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ შემოსაზღვრულობას, არამედ მისი სასიცოცხლო ინტერესების არეალს, რომელიც პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს მოიცავს (მექვაბიშვილი, 2009). აშშ-ის, როგორც გლობალიზაციის ლოკომოტივად და გლობალური ეკონომიკის ბირთვად გადაქცევა იმ დოქტრინის თანმიმდევრული განხორციელების შედეგია, რომელიც XX საუკუნის გარიჟრაჟზე ჩამოაყალიბა ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ვილსონმა: „ეს ქვეყანა ადამიანთა თავისუფლებისთვის შევქმენით და ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ამერიკით, არამედ თავისუფალს გავხდით ყველა ადამიანს. თუკი ამას არ გავაკეთებთ, ამერიკის დიდება გაქრება და მისი ძალა აორთქლდება“ (Неклесса, 2004).

რადიკალმა ანტიგლობალისტებმა, ანუ ე.წ. გლობალოფობებმა მსოფლიო საზოგადოებას თავი გააცნეს 1999 წელს სიეტლში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრთა კონფერენციის ჩაშლით. მას შემდეგ ისინი რეგულარულად აწყობენ ხმაურიან და ხშირად აგრესიულ გამოსვლებს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების წინააღმდეგ. მაგალითად, მათ ქუჩის დარბევები განახორციელეს ნიცაში, პრაღაში და განსაკუთრებით გენუაში. ყოველ წელს ისინი ხელს უშლიდნენ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჩატარებას და ა.შ.

რადიკალები გლობალიზაციას მიიჩნევენ „აბსოლუტურ ბოროტებად“, რომელიც, მათი აზრით, მიმართულია ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობების სისტემის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი ანტიგლობალისტურ მოძრაობაში არ დავინახოთ გარკვეული პოზიტიური მოვლენები. მაგალითად, „გრინფისის“ ხმაურიანმა აქციებმა მსოფლიოს ყურადღება მიმართა მწვავე ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობაზე. საფრანგეთში ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ გამოსვლებმა და აშშ-ში დაწყებულმა მოძრაობამ „დაიკავე უოლ-სტრიტი“ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სოციალური უთანასწორობის პრობლემის სიმწვავე. ამის მიუხედავად, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის „შიშველი“ უარყოფა კონტრპროდუქტიულია. გლობალიზაცია არის ობიექტური პროცესი, რომლის შეჩერება ნებისმიერი ძალადობრივი ფორმებით აბსოლუტურად შეუძლებელია. მაშინ რა არის გამოსავალი? ჩვენი აზრით, გლობალიზაციის გაბატონებული - ორთდოქსულ ლიბერალური მოდელის სხვა მოდელით შეცვლა, რომელსაც ჩვენ ალტერნატიულ გლობალიზმს, ანუ ალტერგლობალიზმს ვუწოდებთ.

 

 

 

ალტერგლობალიზმი - გლობალიზაციის პროგრესული ფორმა

 

            ალტერგლობალიზმის შესახებ მსჯელობამდე მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რას გულისხმობს ამჟამინდელი გლობალიზაციის მეინსტრიმული მოდელი და პირველ რიგში ვის ინტერესებს ემსახურება ის.

             ნიშანდობლივ საინტერესოა  ამ თვალსაზრისით ამერიკელი მკვლევარის თ. ფრიდმანის შემდეგი მოსაზრება: „გლობალიზაცია ნიშნავს თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის გავრცელებას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში“ (Friedman, 2010). რას ნიშნავს დღეს „თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი“? ეს ცნება რეალურ სინამდვილეში დიდი ხანია აღარ არსებობს. მისი პრაქტიკული რეალიზების ნიმუშად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინგლისის ეკონომიკა მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მესამედში. დღევანდელი კაპიტალისტური ეკონომიკა მონოპოლიებისა და განსაკუთრებით, ოლიგოპოლიების ბატონობის სისტემაა. თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმთან ყველაზე მიახლოებულ მოდელად ამჟამად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის ეკონომიკა. სწორედ საბაზრო ეკონომიკის ამერიკული მოდელი, რომელმაც გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ე.წ. „ვაშინგტონის კონსესუსის“ დოქტრინაში, წარმართავს გლობალიზაციას მისი დაწყებიდან დღემდე. ამერიკული მოდელისთვის მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია: პიროვნული და ეკონომიკური თავისუფლების მაღალი ხარისხისა და ძლიერი კონკურენტული მექანიზმის სიმბიოზი, ეკონომიკის სუსტი სოციალური ორიენტაცია და შეზღუდული რეგულირება. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ თანამედროვე გლობალიზაციას ზოგჯერ ამერიკანიზაციასაც უწოდებენ. ამ ტიპის გლობალიზაცია ყველაზე განვითარებული ქვეყნების, პირველ რიგში, აშშ-ის ინტერესებს ემსახურება. ისინი დღეს ფაქტობრივად იღებენ „ტექნოლოგიურ კვაზირენტას“ გლობალურ ბაზარზე, რასაც „ტექნოლოგიურ ნეოკოლონიალიზმსაც“ უწოდებენ. გარკვეული აზრით შეიძლება ითქვას, რომ ისტორია მეორდება: ისე როგორც XIX საუკუნეში ინტერნაციონალიზაცია იყო იმ დროს ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებული ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის ინტერესებში, ასევე შეიძლება ითქვას აშშ-სთან მიმართებით გლობალიზაციის შესახებ. 1990-იან წლებში აშშ-ის ეკონომიკაში განხორციელებულმა საყოველთაო დერეგულირებამ წარმოქმნა კრიზისი, რომელიც ინტენსიური გლობალიზაციის პირობებში სწრაფად გავრცელდა ბევრ სხვა ქვეყანაში და გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ხასიათი მიიღო. ამ ფონზე გასაგები ხდება ის გარემოება, რომ ეკონომიკის გლობალიზაციის არსებული მოდელის შეცვლის აუცილებლობა განსაკუთრებული სიმწვავით სწორედ კრიზისის პერიოდში გახდა თვალსაჩინო. G20-ის ლონდონის სამიტზე (2009 წლის აპრილი) დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა გ. ბრაუნმა განაცხადა: „ვაშინგტონის კონსესუსმა საკუთარი თავი ამოწურა და საჭიროა განვითარების ახალი მოდელის შექმნა“ (www.g20.org/documents/2009 commune harham uk). G20-ის ბერლინის სამიტზე (2009 წლის თებერვალი) საფრანგეთის პრეზიდენტმა ნ. სარკოზმა ასეთი შეფასება გააკეთა: „ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ბაზარი ყოველთვის მართალია და შეიქმნა სამყარო, რომელშიც სხვისი კაპიტალით თამაში ნორმალურია და დიდი ფულის შოვნა განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს“ (Мировая экономика, 2009). მისი აზრით, ეს მოდელი რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება და „საჭიროა, კაპიტალიზმის შექმნა თავიდან დავიწყოთ“. საერთაშორისო ღონისძიებებზე ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერთა

გამოსვლებში, ჩვენი აზრით, გამოიკვეთა გლობალიზაციის ახალი მოდელის კონტურები. კერძოდ:

  • „ფინანსური ოლიგარქიის“ ჩანაცვლება „სამეწარმეო კაპიტალიზმით“ (სარკოზი, 2009);
  • გლობალური ეკონომიკის რეგულირების გაძლიერება, მისი მექანიზმის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა (სარკოზი, მერკელი[1], ბრაუნი, [2] 2010);
  • გლობალური ეკონომიკის განვითარების სოციალური ორიენტაციის გაძლიერება (მერკელი[3]);
  • გლობალური ეკონომიკური განვითარების ჰუმანიზაცია და ანტროპოლოგიზაცია (სარკოზი[4]).

აქ ჩამოთვლილ ნიშნებს შეიძლება დაემატოს კიდევ ორი ზოგადი ნიშანი: ა) კაპიტალიზმის, როგორც ადამიანის მიერ ბუნების მითვისების „ტექნოლოგიური ფორმის“ რაციონალურობის პარადიგმის უარყოფა, რაც გულისხმობს ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას და ბ) პოსტმატერიალური (პოსტეკონომიკური) აზროვნების და მოქმედების პრიმატი სამომხმარებლო გედონიზმსა და ინსტრუმენტალურ აზროვნებაზე. აუცილებელია ერთპოლუსიანი გლობალური ეკონომიკა შეიცვალოს მრავალპოლუსიანი ეკონომიკით და ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაემყაროს არა „მეზობლის

გაღარიბების გზით საკუთარი გამდიდრების“ პრინციპს, არამედ ურთიერთდახმარების, სოლიდარობის და დემოკრატიული თანამშრომლობის ფუნდამენტურ იდეებს.

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

 გლობალიზაცია თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუციის საზოგადოების მწარმოებლურ ძალებზე ზეგავლენის კანონზომიერი შედეგია. ის რთული, მრავალწახნაგიანი და წინააღმდეგობრივი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკის რეალური დროის რეჟიმით ფუნქციონირებას, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს პლანეტარული მასშტაბით ეკონომიკური აქტიურობის დროითი და სივრცითი პარამეტრებით შეზღუდულობას; უაღრესად აადვილებს საქონლის, მომსახურების, ფინანსური რესურსების, სამუშაო ძალის ტრანსაზღვრით გადაადგილებას; ნათლად წარმოაჩენს მასშტაბის ეფექტიანობის დადებით შედეგებს; ამაღლებს რესურსების ხელმისაწვდომობას მსოფლიო ბაზარზე და ა.შ. ამასთან ერთად, გლობალიზაციამ ვერ შეძლო რიგი პრობლემების გადაწყვეტა, რასაც მისი მომხრეები ვარაუდობდნენ. უფრო მეტიც, მან გაამწვავა ზოგიერთი არსებული პრობლემა და ახალი პრობლემებიც წარმოქმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა გლობალიზაციის საწინააღმდეგო განწყობა, რომელიც ანტიგლობალიზმის სახით გამოვლინდა.

თანამედროვე ანტიგლობალისტურ მოძრაობაში პირობითად შეიძლება გამოიყოს ორი მიმართულება: რადიკალური ფრთა, ანუ „გლობალოფობები“ და ზომიერი (კონსტრუქციული) ანტიგლობალისტები. გლობალიზაციის კანონზომიერი ხასიათის გათვალისწინებით, გლობალოფობების ნებისმიერი მცდელობა ამ პროცესის შეჩერებისა კონტრპროდუქტიულია და მარცხისთვისაა განწირული. აუცილებელია იმის გააზრება, რომ მსოფლიოში ამჟამად არსებული ბევრი მწვავე პრობლემის მიზეზია არა ზოგადად გლობალიზაცია, არამედ მისი მეინსტრიმული ორთოდოქსალოურ-ლიბერალური მოდელი, რომელიც საბაზრო ფუნდამენტალიზმის პრინციპებს ემყარება და ე.წ. „ვაშინგტონის კონსესუსის“ დოქტრინის სახით რეალიზდება.

            შესაბამისად, დღის წესრიგში უნდა დადგეს ამ მოდელის ალტერგლობალიზმის  მოდელით შეცვლის საკითხი. ალტერგლობალიზმის მოდელი უნდა დაემყაროს შემდეგ თეორიულ საფუძვლებს:

  • ფიქტიური სიმდიდრის შექმნის შეცვლა რეალური სიმდიდრის წარმოებით ანუ მსოფლიო ეკონომიკის დეფინანსიზაცია, „მეწარმოებრივი კაპიტალიზმით“ ფინანსური კაპიტალიზმის ჩანაცვლება;
  • გლობალური ეკონომიკური განვითრების ჰუმანიზაცია და სოციალიზაცია;
  • გლობალური ეკონომიკის რეგულირების გაძლიერება მარეგულირებელი სტრუქტურების და მექანიზმების სრულყოფის გზით.

ეკონომიკის გლობალიზაციის მოდელის პარადიგმული ცვლილება, რა თქმა უნდა, არ არის ადვილად მისაღწევი მიზანი, ვინაიდან გლობალიზაციის ამჟამინდელი მეინსტრიმული მოდელის უკან დგას ძალიან სერიოზული და გავლენიანი ძალების ფინანსურ-ეკონომიკური ინტერესები. ამასთანავე, ისიც აშკარაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა პერმანენტულ კრიზისს განიცდის. მისგან ერთადერთი გამოსავალი მიმართული სამართლიანი, დემოკრატიული მსოფლიო ეკონომიკური წესრიგისაკენ, სწორედ  ალტერგლობალიზმია.

 

 

ლიტერატურა:

  • პაპავა ვლ., სილაგაძე ა. (2019). ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის - „Gross Domestic Product“-ის სახელწოდების შესახებ. ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი N1, ტომი XI, გვ.180.
  • აბესაძე რ. (2020). გლობალიზაცია და პანდემიის პრობლემა. ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი, N2.
  • კაკულია მ., კაპანაძე გ. (2021).ანტიპანდემიური შეზღუდვების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე: ხილული და უხილავი დანაკარგი. ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი, N2.
  • მექვაბიშვილი ე. (2009). ეკონომიკის გლობალიზაცია: მიმართულებები, გამოწვევები, პერსპექტივები, თბ.: „ინოვაცია“.
  • მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა. გამომცემლობა თბ.: „ინტელექტი“
  • მექვაბიშვილი ე. (2020). გლობალური კორონომიკური კრიზისის გავლენა მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკაზე. ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი, N2.
  • პაპავა გ. (2020). კორონომიკა და თვისებრივად ახალი ეკონომიკური კრიზისი. ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი, N2.
  • Druker P.F. (2002). Landmarks of Tomorrow , New Branswik (US). London.
  • Friedman Th. (2010). Globalization Syndrome. Transformation and Resistance Princeton,
  • Modelski G., Thompson W. (1995).Leddings Sectors and Word Powers: The Co-revolution of Global Politics and Economics, Columbia.
  • Stiglitz J.E. (2012).The Price of Inequality. N.Y., L., Norton and Company.
  • Tourain A. (1998). Past – Industrial Society. Cambridge(MA).
  • Васильев В.А. (2011). Глобализующая экономика: развитие  по второму началу термодинамики? Экономические стратегии, №1.
  • Делягин М.Г. (2007). Мировой кризис: общая теория глобализации. М.: ИНФА-М.
  • Иноземцев В.Л. (2003). На рубеже эпох. М.: Экономика .
  • Мировая Экономика, 2010, №1.
  • Модельски Дж. (2005). Эволюция глобальной политики, Полис, №4
  • Некслесса А. (2004). Глобализация: сущность, генезис, прогноз. Мировая экономика и международные отношения, №1.

 

References:

  • Papava V., Silagadze A. (2019). erti sakvandzo ekonomikuri terminis - „Gross Domestic Product“-is sakheltsodebis shesakheb. [About the Name of One Key Economic Term - "Gross Domestic Product". Economics and Business N1, Volume XI, p.180.] in Georgian
  • Abesadze R. (2020). globalizacia da pandemiis problema. [Globalization and Problem of Pandemic]. Economics and Buisness N2.] in Georgian
  • Kakulia M., Kapanadze N (2021). antipandemiuri shezgudvebis gavlena ekonomikur zrdaze. [Impact of Antipandemic Restrictictions on Economic Growth Visible and Invisible loss. Economics and Business, N2.] in Georgian
  • Mekvabishvili E. (2009). ekonomikis globalizacia: mimartulebebi, gamocvevebi, perspeqtivebi. [Economic Globalization, Tb. "Innovation".] in Georgian
  • Mekvabishvili E. (2018). globalizaciis epoqis finansuri krizisebi da saqartvelos ekonomika. [The Financial Crisis of the Globalization Era and the Economy of Georgia.] in Georgian
  • Mekvabishvili E. (2020). globaluri koronomikuri krizisis gavlena msoflio da saqartvelos ekonomikaze. [Global Coronomic Crisis Influence on the World and Georgian Economyes.] in Georgian
  • Papava V. (2020).  koronomika da tvisebrivad axali ekonomikuri krizisi.[Coronomics and Qualitatively New Economic Crisis, Economics and Buisness  N2.] in Georgian
  • Druker P.F. (2002). Landmarks of Tomorrow , New Branswik (US). London.
  • Friedman Th. (2010). Globalization Syndrome. Transformation and Resistance Princeton,
  • Modelski G., Thompson W. (1995).Leddings Sectors and Word Powers: The Co-revolution of Global Politics and Economics, Columbia.
  • Stiglitz J.E. (2012).The Price of Inequality. N.Y., L., Norton and Company.
  • Tourain A. (1998). Past – Industrial Society. Cambridge(MA).
  • Vasiliev V. (2011). globalizirovanaia ekonomika: razvitie po vtoromu nachalu termodinamiki?  [Globaliziting Economy: Development According to the Second Beginning of Thermodinamics. Economic Strategies, N11.] in Russian
  • Deliagin M. (2007). mirovoi krizis: obshaia teoria globalizacii. [General Theory of Globalization, М.: ИНФА-М.] in Russian
  • Inozemcev V. (2003).   na rubeje epox  [On the Edge of Ages, M.: Economics.] in Russian
  • Mirovaia economika (2010).  [World Economy.] in Russian
  • Modelski G. (2005). evolucia globalnoi politiki. [The Evulution of Global Policy, Полис №4.] in Russian
  • Nexlessa A. (2004). globalizacia sushnost, generis, prognoz. [Globalization: Essence, Genesis, Forecas,     World Economy and International Relations.] in Russian
  • http://www.project -syndicate.org/commentary/real-risk-global-economy-by-christopher-
  • smart-2017-11;
  • http:// www.project -syndicate.org/commentary/globalization-of-discontent-by-joseph-e-
  • stiglitz-2017
  • www.g.20.org/documents/2009 communuque harham UK


[1] ა. მერკელმა დავოსის 2010 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია დამაკმაყოფილებლად ფუნქციონირებადი გლობალური არქიტექტურა“ და დააყენა საკითხი გაეროს ტიპის მსოფლიო ეკონომიკური საბჭოს შექმნის შესახებ.

[2] გ. ბრაუნმა ასევე დააყენა საკითხი რეგულირების საერთაშორისო ორგანოს - „ფინანსური სტაბილურობის საბჭოს“ შექმნის შესახებ.

[3] მერკელის აზრით, „მსგავსი კრიზისების (იგულისხმება 2007-2009 გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი - ე.მ.) თავიდან აცილების ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოში სოციალური საბაზრო სისტემის გავრცელება.

[4] სარკოზი მიიჩნევდა, რომ „ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს არა ფინანსურ კაპიტალს, არამედ ადამიანს“.